დიოსკურია
ვიკიპედიიდან
დიოსკურია (ბერძნ. Dioskurias), ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი ქ. სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძნებმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა, ძვ. წ. VI საუკუნეში. დიოსკურია მეზობელ ხალხებთან ვაჭრობდა მარილით, პირუტყვით, ცვილით, პურით, მონებით. ახ. წ. I საუკუნეში რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. ამ დროს აშენდა ციხესიმაგრე, რომელშიც რომაელთა მუდმივი გარნიზონი იდგა, ქალაქს კი სებასტოპოლისი ეწოდა. დიოსკურიის აყვავების ხანა იყო ახ. წ. II-III საუკუნეები. IV საუკუნეში იწყება მისი დაქვეითება. ციხესიმაგრე არსებობდა VI საუკუნამდე. ზღვის ნაპირის დაწევისა და ზღვის შემოჭრის შედეგად დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად სოხუმის ყურის ფსკერზეა.