ბასკური ენა
ვიკიპედიიდან
ბასკური ენა - ბასკების ენა, იზოლირებული ენაა. მისი გავრცელების არეალია ესპანეთისა და საფრანგეთის პროვინციები, რომლებიც ესაზღვრებიან ბისკაის ყურეს. მოიცავს აგრეთვე პირენეის მთების დასავლეთ ნაწილს.
ბასკური არის ერთადერთი შემორჩენილი ენაა, რომელზეც ლაპარაკობდა სამხრეთ-დასავლეთ ევროპის მოსახლეობა ამ რეგიონის რომანიზაციამდე. ფიქრობენ, რომ ამ რეგიონში რომის ადმინისტრაციის არამყარმა მმართველობამ გადაარჩინა ბასკური დიალექტები ლათინურის ძალმომრეობისაგან. შუა საუკუნეებში, ბასკური, როგორც მეტწილად გლეხობის ენა, ვერ უწევდა კონკურენციას ლათინურს და მის მემკვიდრე სამწერლობო ენებს. მე-10 საუკუნიდან ბასკურმა ნელ-ნელა დაკარგა ძალა კასტილიურ ესპანურთან ჭიდილში. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში (ამჟამინდელი საფრანგეთი) ბასკურად მოლაპარაკე რეგიონი პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც მე-16 საუკუნეში იყო. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ბასკურ ენას უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის არა მარტო ინდუსტრიულ ქალაქებსა და ბასკეთის საზღვრებთან, არამედ მის შუაგულშიც.