ენციკლოპედია
ვიკიპედიიდან
ენციკლოპედია არის მეცნიერული გამოცემა, რომელიც ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს ან რომელიმე ცალკეულ დარგს. ამის მიხედვით განასხვავებენ უნივერსალურ და დარგობრივ ენციკლოპედიებს. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან, εγκύκλιος παιδεία ანუ enkyklios paideia ნიშნავს „ცოდნის წრეს“.
ტერმინ ენციკლოპედიის მნიშვნელობა ისტორიულად იცვლებოდა. ანტიკურ ხანაში ენციკლოპედია აღნიშნავდა ე.წ. შვიდ თავისუფალ ხელოვნებას: გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია. XVI საუკუნეში დასავლეთ ევროპაში იგი ნიშნავდა სხვადასხვა შინაარსის კრებულს. შემდეგ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით გამოიკვეთა მისი დღევანდელი სახე. სტრუქტურის მიხედვით ენციკლოპედია შეიძლება იყოს სისტემური (როცა მასალა განლაგებულია თემატურად) ან ანბანური (როცა მასალა განლაგებულია ანბანზე).
სექციების სია |
[რედაქტირება] ადრეული ნაშრომები
ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომები გვხვდება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტეში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში. ერთ–ერთი პირველი ენციკლოპედია იყო ვარონის (ძვ. წ. 116 – 27) 9 წიგნისაგან შემდგარი თხზულება „დისციპლინები“. ყველაზე ადრეული არაბულენოვანი ენციკლოპედია არის „მეცნიერებათა ნუსხა“, რომლის ავტორია ფილოსოფოსი ალ–ფარაბი. ტაჯიკმა მეცნიერმა იბნ–სინამ დაწერა ენციკლოპედიური ტრაქტატი „ცოდნის წიგნი“ („დონიშნომა“). მე–15 საუკუნის დასაწყისში ჩინეთში გამოიცა დიდი ლექსიკონი „იუნ–ლე და დიანი“. მე–14-16 საუკუნეებში შეიქმნა სისტემური ენციკლოპედიები ლათინურ და სხვა ენებზე.
[რედაქტირება] თანამედროვე ენციკლოპედიები
ბეჭდური სახის თანამედროვე ენციკლოპედიების გამოცემა მე–18 საუკუნიდან იწყება. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ განმანათლებელთა ძეგლი „ენციკლოპედია, ანუ მეცნიერების, ხელოვნების და ხელოსნობის განმარტებითი ლექსიკონი“. მის შექმნაში მონაწილეობდნენ დ.დიდრო, შ.მონტესკიე, ვოლტერი, ჟ.ჟ.რუსო, ჟ.ლ.დ'ალამბერი. 1768-71 წლებში შოტლანდიელმა მესტამბემ გამოსცა „ბრიტანიკის“ სამტომეული. მე–19 საუკუნეში გერმანიაში გამოვიდა ბროკჰაუზის „სასაუბრო ლექსიკონი“ და მაიერის ენციკლოპედიური ლექსიკონი.
პოპულარული ენციკლოპედიური გამოცემებია:
- Neues Weltlexikon – ავსტრია
- Grand Larousse encyclopedique – საფრანგეთი
- Dictionnaire encyclopedique Quillet – საფრანგეთი
- Meyers Neues Lexikon – გერმანია
- Der Gross Brockhaus – გერმანია
- Wielka Encyklopedia Powszechna – პოლონეთი
- The Columbia Encyclopedia – აშშ
- Collier’s Encyclopedia - აშშ
- Chamber’s Encyclopedia – დიდი ბრიტანეთი
- Encyclopedia Britannica (ენციკლოპედია ბრიტანიკა)– დიდი ბრიტანეთი
- Enciclopedia Italiana – იტალია
- Большая Советская Энциклопедия (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია) – რუსეთი
- Малая Советская Энциклопедия – რუსეთი
- Энциклопедический Словарь Эфронна и Брокгауза – რუსეთი
[რედაქტირება] ქართულენოვანი ენციკლოპედიები
1975 წლიდან გამოსვლა დაიწყო „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ 12–ტომეულმა. გამოცემულია აგრეთვე ენციკლოპედიები: „საქართველო“, „თბილისი“, „საბავშვო ენციკლოპედია“, 8–ტომეული, რომელიც წარმოადგენს ამავე სახელწოდების მქონე რუსულენოვანი ენციკლოპედიის ქართულ თარგმანს. უკანასკნელ წლებში საქართველოში ბევრი ენციკლოპედიური ნაშრომი შეიქმნა, რომლებიც ძირითადად უცხო ენებიდანაა ნათარგმნი.
[რედაქტირება] ინტერნეტ–ენციკლოპედიები
ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ სტიმული მისცა ენციკლოპედიური ნაშრომების ვირტუალური ვერსიების შექმნას, მათ შორის არის როგორც ფასიანი, ასევე უფასო ენციკლოპედიები. უკანასკნელი წლების უმნიშვნელოვანესი პროექტია ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია, რომელსაც რამდენიმე ათასი მოხალისე ქმნის რამდენიმე ათეულ ენაზე. წინამდებარე სტატია ქართული ვიკიპედიიდანაა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- ლექსიკონი
- ლექსიკოგრაფია
- ლიტერატურა
- ენციკლოპედისტები